ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ადმინისტრაციის სამსახურის თანამშრომელი გამგეობის თანამშრომლებს სპეციალურ ანკეტას ავსებინებს, რომელშიც უნდა მიუთითოს, არის თუ არა რომელიმე პარტიის წევრი.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის დასაზუსტებლად უშუალოდ მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა, რომელიც კითხვამ გააღიზია და აღნიშნა, რომ მას არავისთვის არაფერი დაუვალებია.
"არავისთვის არაფერი დამივალებია. საიდან უნდა ვიცოდე ვინ რას შვება, გითხრათ ვინმემ გამგებელმა დამავალაო? მე რას მეკითხებით?
ეტყობა, თქვენ სიზმრებს ნახულობთ და მერე ამოწმებთ არის თუ არა მართალი. გითხარით, არაფერი ვიცი მსგავსი ფაქტის შესახებ, ჯიხეთში ვიყავი და ახლა მოვედი", _ აღნიშნა ურუშაძემ.
"გურია ნიუსმა" ინფორმაციის გადამოწმება ადმინისტრაციის სამსახურის თანამშრომელთან, ელიკო იმნაძესთან სცადა, რომელიც ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, უშუალოდ თვითონ ავსებდა ე.წ. ანკეტებს.
"ინფორმაციას ჩემთვის ვაგროვებდი, პროექტისთვის მჭირდებოდა, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა რომ ეს ინფორმაცია აღარ იყო საჭირო. სულ ეს იყო და ამას მოჰყვა ეს გაუგებრობაც", -გვითხრა იმნაძემ.