FactCheck.ge -მ, რომელიც პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივ სიზუსტეს ადგენს, ამჯერად ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთელის განცხადება გადაამოწმა, როდესაც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჭიათურაში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობაა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მდინარე ყვირილაში, ქ. ჭიათურას ზედა კვეთში მანგანუმის დიოქსიდის შემცველობა 5.9-ჯერ, ხოლო ქვედა კვეთში კი, 1.3-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას. რაც შეეხება ჭიათურაში გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობას, 2013 წელს მან 2 246 955 ლარი შეადგინა, რაც საქართველოს მასშტაბით გარემოსადმი მიყენებული ზიანის 35%-ს შეადგენს. 2014 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და ჭიათურაზე გარემოსადმი მიყენებული ზიანის 89% მოდიოდა.
აღნიშნული ზიანი გამოწვეულია ისეთი ქმედებებით, როგორიცაა: ტყით უკანონო სარგებლობა, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევა, წიაღის უკანონო მოპოვება, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა/მიწის გაუვარგისება, ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, ატმოსფერული კანონმდებლობის კანონის დარღვევა, უკანონო ნადირობა და ა.შ. თუმცა, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტეს, გარემოსადმი მიყენებული ზიანის უდიდესი ნაწილი (300 მილიონ ლარზე მეტი) მანგანუმის მოპოვებით საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მალხაზ წერეთელის განცხადება სიმართლეა", _ მიიჩნევს FactCheck.ge.