საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებასა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
_ დღეს არის ჯანდაცის საერთაშორისო დღე და გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ ამ სფეროს გამოჩენილ მოღვაწეებს. მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად ადამიანებისთვის, ვინაიდან ჩვენს ცხოვრებას უფრო ჯანმრთელს ხდით, გვიხანგრძლივებთ მას და შვებას გვაძლევთ ურთულეს მომენტებში. მინდა საქართველოს ათობით და ათასობით მოქალაქის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ ქვეყანაში მრავალ ათას ადამიანს მის მიერ განხორციელებული მუშაობის შედეგად მიეცა შვება, დაუდგა უფრო ბედნიერი დღე.
დათო, მინდა მადლობა გითხრა ყველას სახელით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მართლაც რევოლუციური ნაბიჯები გადადგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ც ჰეპატიტის პროგრამა, სასწრაფო დახმარების რეფორმა, მაღალმთიან რეგიონებში მდებარე კლინიკების გამოსყიდვა, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ''საქართველოს კანონში რეცეპტებთან მიმართებაში განხორციელებული ცვლილებები, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა.
ეს არის არასრული ჩამონათვალი, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გამდიდრდება. ბატონ დავით სერგეენკოს მადლობას ვუხდი ამ საქმიანობისთვის. ჩვენი გადაწყვეტილებით, მისი დიდი ღვაწლი აღინიშნება წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დავით სერგეენკომ ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ "ჯილდოს სიმბოლურად გაუნაწილებს ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა ავადმყოფის დასახმარებლად მიიჩქარის."