ცოტა ხნის წინ იტალიელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ძროხები მეცნიერებს უძველესი და უძლიერესი ცივილიზაციის წარმოშობის დადგენაში დაეხმარნენ.
ეტრუსკები კულტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით გამოირჩეოდნენ თავისი დროის ხალხებში.
ბოლო დრომდე ანთროპოლოგებს ვერ გაეგოთ, საიდან მოხვდნენ ეს ადამიანები აპენინის ნახევარკუნძულზე. მით უმეტეს, რომ ამ ხალხის ენა ინდოევროპულ ჯგუფს არ განეკუთვნება.
ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ირწმუნებოდა, რომ ეტრუსკები იტალიაში ლიდიიდან მოვიდნენ, რომლის ისტორიული რაიონი თანამედროვე თურქეთია. მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი მეცნიერებს დღემდე არ ჰქონდათ.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ამ საკითხს სულ სხვაგვარად მისდგომოდნენ. მათ შეისწავლეს იტალიის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ძროხის ჯიში და მათი „დეენემი“ დაადგინეს. რის შედეგადაც გაირკვა, რომ ტოსკანის ოლქის ძროხების 60 პროცენტს ზუსტად ისეთი „დეენემი“ აქვთ, როგორიც თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მათ ნათესავებს. მათი ნათესაური კავშირი კი „დეენემის“ წყალობით უკვე დამტკიცებული ამბავია.
მანამდე ვერანაირი კავშირი მეცნიერებმა ვერ ნახეს ეტრუსკული კულტურისა თურქეთში, სანამ ძროხებმა არ დაადასტურეს ჰეროდოტეს სიტყვები. ახლა მეცნიერებს იმაზე აქვთ თავი სატეხი, რამ აიძულა ეტრუსკები, თურქეთის ტერიტორია დაეტოვებინათ და აპენინებზე გადასახლებულიყვნენ.