ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"სამწუხაროდ, კიდევ ერთი სამაგალითო პოლიციელი დაკარგა საქართველომ. მინდა მივუსამძიმრო ბექა მარგიშვილის ოჯახს და იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო ღირსეულად დააფასებს მის თავდადებას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხოლო დამნაშავე საკადრისად იქნება დასჯილი.
მინდა აგრეთვე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს და იმედი გამოვთქვა, რომ იგი კვლავ ასეთივე შემართებით განაგრძობს საზოგადოების სამსახურში ყოფნას.
სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში სულ უფრო გახშირდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათზე თავდასხმის ფაქტები, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოჰყვება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა დაფუძნებულია თითოეული პოლიციელის თავდადებასა და მათ მიმართ საზოგადოების პატივისცემაზე."