დღეს, დაბა ლაითურში გამართულ აქციაზე უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაყიდული მიწების მათ საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება დროულად უნდა მოგვარდეს.
_ ეს არ არის პირველი აქცია და ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. აქცია ერთი კვირის წინ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გურიის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დაპირდნენ, რომ მივიდნენ ინვესტორებთან, რომლებსაც აქვს ეს მიწის ნაკვეთები შესყიდული და პრობლემას მოუგვარებდნენ. ამის შესახებ მაცნობეს ლაითურიდან და აქცია გადაიდო. მთავარი არის პრობლემა მოგვარდეს, თორემ აქციის ჩატარების სურვილი არავის არ აქვს. მაგრამ, ორიოდე დღის დამიკავშირდნენ და მითხრეს, პრობლემა არ მოგვარდება. მედიის საშუალებით ვუგზავნი მესიჯს ხელისუფლებას, რომ იქ არსებული პრობლემის შესახებ კარგად იციან და აუცილებლად უნდა დაეხმარონ ხალხს. მხოლოდ დაპირებების გაცემა არ არის მთავარი. მთავარი ის, არის, როგორ მოუგვარებ არსებულ პრობლემას.
_ ბატონო თამაზ, თქვენ, როგორ მიგაჩნიათ ამ პრობლემის მოგვარება. როგორც ცნობილია, ათობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი კერძო კომპანიებს აქვს შესყიდული ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.
_ მე, როგორც მოსახლეობამ მითხრა, აქ მაფიოზურ-კლანურ ამბებთან გვაქვს საქმე. კომპანიებმა ძალიან დაბალ ფასებში იყიდეს მიწის ნაკვეთები და ადგილობრივი მცხოვრებლები მიწის ნაკვეთის გარეშე დარჩნენ. მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა აუდიტი ჩატარდეს და გამოძიებული იქნას, თავის დროზე, როგორ მოხდა ძალიან დაბალ ფასად მიწის ნაკვეთების გასხვისება. მსგავსი ამბები მხოლოდ ლაითურში არ მომხდარა, მსგავსი შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ხვდება. კარგი იქნება თუ ხელისუფლება ამ საკითხს გამოიძიებს და ხალხს დაეხმარება. ბოლოსდაბოლოს ამით გაირკვევა ნამდვილად რეალურ ფასებში გაიყიდა მიწის ნაკვეთები თუ ეს იყო მაფიოზური გარიგება წინა ხელისუფლების პერიოდში.
“გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის და გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ქეთი მოისწრაფეშვილის კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.





































































