საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ და პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე მოეწყო ბაზა, სადაც სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ქარხნები და პერსონალისთვის საცხოვრებელი კემპები განთავსდა. ამ ეტაპზე, ახალ სამშენებლო მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება 4–ზოლიანი ცემენტ–ბეტონის საფარიანი გზა. ასევე, განხორციელდება ხელოვნური ნაგებობების: 2 სატრანსპორტო კვანძის, 4 სახიდე გადასასვლელის, 20 წყალგამტარი რკინაბეტონის მილისა და 3 სამეურნეო გასასვლელის მშენებლობა.
მის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ქუვეითურმა კომპანიამ “Copri Construction Enterprises W.L.L“-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია. აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ19-კმ31) მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.
ჩქაროსნული მაგისტრალის, აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 ადამიანი და აქედან 40% ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, დამატებით 150 ადამიანი დასაქმედება.
აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადაა 2 წელი, 6 კილომეტრზე სამშენებლო სამუშაოები კი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და მოძრაობა გადაირთვება.