ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამის 12 საათიდან დილის 4.00 საათამდე თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება. 23.00 საათიდან დილის 04.00 საათამდე მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ სასაფლაოებამდე მისვლა, ამ მიზნით თბილისის მერია სპეციალურ მარშრუტებს დანიშნავს. კერძოდ, მეტრო "დიდუბიდან" ავტობუსები იმოძრავებენ მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით. "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" კუკიისა და მახათას მთის მიმართულებით, მეტრო "ვარკეთილიდან" ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით, ასევე მეტრო "სარაჯიშვილიდან" თბილისის ზღვის მიმართულებით.
რაც შეეხება ვაკის, ვერის სასაფლაოებს, ასევე ავჭალის მიმართულებას, მამულაშვილის განცხადებით, აქ ტრანსპორტი იმუშავებს იმ განრიგით, რაც მათ გააჩნიათ სამუშაო დღეებში.