ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “საქართველოს ფოსტის” ჩოხატაურის ფილიალი ბიძინა ივანიშვილთან წერილებს არ აგზავნის. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, ფოსტაში მას განუმარტეს, რომ წერილის გაგზავნას აზრი არ აქვს, რადგან მაინც უკან ბრუნდება. ფოსტის თანამშრომლის, ლია კობიძის განმარტებით, წერილის გაგზავნაზე უარი არავისთვის უთქვამთ. მისივე თქმით, ორჯერ გაგზავნილი წერილი ადრესატებს უკან დაუბრუნდათ:
_ წერილის გაგზავნაზე უარი არავისთვის გვითქვამს, რადგან ეს ჩვენი შემოსავალია. თუმცა, იყო ფაქტები, როდესაც ივანიშვილთან გაგზავნილი წერილები უკან დაბრუნდა. ერთ-ერთმა ადამიანმა სამადლობელი წერილი გააგზავნა, კონვერტს ასე ეწერა და ისიც კი უკან დააბრუნეს, _ გვითხრა კობიძემ.
წერილის უკან დაბრუნების ფაქტს ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტიც ადასტურებს. მისი თქმით, გაგზავნიდან რამდენიმე დღეში ფოსტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გაგზავნილი წერილი უკან იყო დაბრუნებული და მოეკითხა.
წერილების უკან დაბრუნებას ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი პოლიტიკას უკავშირებს:
_ ყველა წერილი, რომელიც ბატონი ბიძინასთვის არის განკუთვნილი, მასთან მიდის. არც ერთი წერილი ჩვენგან უკან არ დაბრუნებულა.
_ გინდათ თქვათ, რომ თქვენამდე არ მოსულა და ისე დაბრუნდა?
_ დიახ. დაბრუნებულზე ბეჭედი უნდა იყოს დარტყმული, რომ ჩვენამდე მოვიდა, მაგრამ არ მივიღეთ და უკან დავაბრუნეთ. პირდაპირ უკან დაბრუნება არ ხდება. ამ შემთხვევაში, ადრესატამდე რატომღაც აღარ მოდის წერილები. ძალიან ბევრი წერილი შემოდის ჩვენთან ფოსტიდან და ისეც მოაქვს ხალხს. აქ სხვა პრობლემა და სხვა მომენტია.
_ პოლიტიკას უკავშირებთ?
_ ალბათ.