საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიგი წერეთელი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიაზე საუბრობს და მისი პრაქტიკაში დანერგვის გადაწევას ეხმაურება.
"გაეროს ბავშვთა ფონდმა იუნისეფმა 2013 წელს, 2011 წელთან შედარებით, ბავშვთა ფარდობითი სიღარიბის ზრდა დააფიქსირა და საქართველოს მთავრობას სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე ფულადი დახმარების შემოღება ურჩია.
2014 წლის დეკემბერში დავით სერგეენკომ გამოაცხადა, რომ 2015 წლის 1 აპრილიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შევიდოდა ძალაში, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით დახმარებადანიშნულ ოჯახები ყოველ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს მიიღებდნენ.
მთავრობამ, უნიათობისა და არაკომპოეტენტურობის გამო, ვერ მოასწრო ახალი მეთოლოგიის დანერგვა და მისი შემოღების ვადა 1-ლ მაისამდე გადაწია. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ 2015 წლის 1 მაისიდანაც ვერ დაიწყებს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების ყველა ბავშვზე 10-ლარიანი დანამატის გაცემას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ მთავრობის არაეფექტურობა და ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა ოჯახების გადამოწმების ნელი ტემპის გამო, ეს ოჯახები და იქ მცხოვრების ბავშვები არ უნდა დაზარალდნენ. მით უმეტეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ბავშვის 10-ლარიან დანამატს უკვე აკლდება მსყიდველუნარიანობა ლარის კურსის ვარდნისა და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატების გამო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის 10-ლარიან დანამატის გაცემა 1 მაისიდან დაიწყოს ყველა 107,000 ბავშვზე, რომელიც სოციალური დახმარების მიმღებ 140,000 ოჯახში ცხოვრობს.
მილიარდერი ივანიშვილის მთავრობის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმა იმის აღიარება იქნება, რომ ხელისუფლებას, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ბიუჯეტს ვერ ასრულებს და ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.
ამჟამად დახმარებას სულ 140,000 ოჯახი იღებს. ჯანდაცვის სამინისტრომ განვლილ 3 თვეში 5000 ოჯახის გადამოწმებაც ვერ მოასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ 140,000 ოჯახის გადამოწმება წლობით გაიწელება.
გაჭირვებული ოჯახები კი 10-ლარიან დახმარებას წლობით ვერ დაელოდებიან."