(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში, 21 დეკემბერს, ადაპტირებული გარემოს შექმნის მოტივით, გაიხსნა ოთახი, სადაც სპეციალური მომსახურების საჭიროების ბავშვებს დაეხმარებიან და ყველანაირად შეუწყობენ ხელს ისწავლონ, გაერთონ, ნახონ ვიდეოფილმები, ისარგებლონ ინტერნეტით.
_ ჩვენს სკოლაში ადაპტირებული სასწავლო გარემო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნა. აქ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო თუ გასართობი საშუალებებით შვიდი სხვადასხვა კუთხე გაკეთდა. აქვე არის შესაფერისი მაგიდა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სავარძლით გადაადგილდებიან. მათთვის შექმნილია სპეციალური სასწავლო გეგმა, _ უთხრა “გურია ნიუსს” ამავე სკოლის დირექტორმა ტარიელ კალანდაძემ.
კითხვაზე, ვინ ასწავლის ამ ბავშვებს და როგორი ანაზღაურება აქვთ მასწავლებლებს, ბატონმა ტარიელმა გვითხრა, რომ ჰყავთ მოხალისე მასწავლებელი, რომელიც, ჯერჯერობით, ანაზღაურების გარეშე იმუშავებს. მისივე თქმით, ადაპტირებულ მუშაობაში 47 მშობელიც ჩაერთო, რაც იმის მანიშნებელია, რომ მათ მოსწონთ ეს ინიციატივა.