მას შემდეგ, რაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, კონსტიტუციის თანახმად, მინისტრები მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან მატ სორის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც და ახალი მთავრობის ფორმირება უნდა შედგეს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დღეიდან მოვლენები შემდეგნაირად უნდა განვითარდეს – პრეზიდენტი 7 დღის ვადაში, არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტების კონსულტაციის შედეგად, პრემიერის ახალ კანდიდატურას ასახელებს.
ანუ, კონსულტაციები უნდა შედგეს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მაჩვენებელ სუბიექტთან, ჩვენს შემთხვევაში კი საპარლამენტო უმრავლესობასთან.
მას შემდეგ რაც ახალი პრემიერის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, მან ასევე 7 დღის ვადაში, ახალი მთავრობის ფორმირება უნდა მოახდინოს და წარუდგინოს პრემიერს. პრემიერი კი თავის მხრივ მას პარლამენტს წარუდგენს.
როგორც "გურია ნიუსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს და მას ჩააგდებს, 30 დღის ვადაში, პრემიერს შეუძლია კიდევ ერთხელ წარადგინოს მთავრობის წევრთა კანდიდატები. თუ ესეც უშედეგო იქნება, იწყება შემდეგი სახის პროცედურა:
პარლამენტის წევრთა 2/5-ს, ანუ დაახლოებით 60 კაცს, უფლება აქვს პრემიერის თავისი კანდიდატურა წარუდგინოს პრეზიდენტს. ვინაიდან საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, შესაძლოა პრემიერის ორი კანდიდატურის წარდგენაც.
ამ ორიდან ხმათა უმრავლესობას რომელი კანდიდატიც მოიპოვებს, ის იქნება პრეზიდენტის მიერ პრემიერის პოსტზე საბოლოოდ წარდგენილი.
თუ ორივე ერთნაირ ხმათა რაოდენობას მიიღებს, მაშინ პრეზიდენტი შეარჩევს თავისი სურვილისამებრ ორიდან ერთს.
ამის შემდეგ, თუ ისევ ვერ მოიპოვა მთავრობამ პარლამენტის ნდობა, პრეზიდენტი ვალდებულია დაითხოვოს პარლამენტი და 3 დღის ვადაში რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, ამ პროცედურებს თუ დღეები მაქსიმალურად იქნება დაცული, დაახლოებით 65 დღე სჭირდება. რიგგარეშე არჩევნების დანიშნვის შემთხვევაში კი ის შემოდგომაზე გაიმართება.