სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზებზე ყიფიანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც განვლილი მუშაობაც შეაჯამა:
_ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაისვა, ყველა იმ ტყუილზე, რომელიც ჩემი და სამინისტროს მისამართით ითქვა, პასუხები გაცემულია ვრცელ წერილში, რომლითაც მივმართავ პრემიერ-მინისტრს, თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ არ მინდა, გავხდე სპეკულაციის ნაწილი, ვტოვებ ჩემ თანამდებობას.
იმედია, საზოგადოება სწორად გაიგებს ამ გადაწყვეტილებას. მე ვრჩები სპორტში და მზად ვარ, მწვავე კითხვებს მომავალშიც გავცე პასუხი _ სუფთა რეპუტაციით, სუფთა ხელებით, გახსნილი გულით და ერთიანი ძალისხმევით, _ აღნიშნა ყიფიანმა, რომლის განმარტებით, "გადადგომის მიზეზი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრების უსაფუძვლო პრეტენზიები გახდა":
_ არ მინდა შევიდე დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან _ კონკრეტულად კი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, მე სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა.
სწორედ ამიტომ, მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით, რომელიც მომზადებული მაქვს და რომელსაც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჩავაბარებ მთავრობის ადმინისტრაციას.
გადადგომის მიზეზი არის სწორედ ის, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც, ვფიქრობ, უკვე ზღვარსგადასულია. ის, რაც ჩემი მისამართით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, აბსოლუტურად მიუღებელია _ ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს. მივმართავ მათ _ პროვოკაციაზე ნუ წავლენ სახელმწიფოს სახელით! _ განაცხადა ყიფიანმა და პრემიერსა და სპორტისა და ახალგაზრდობის მომავალ მინისტრსაც მოუწოდა, რომ უწყებაში დანერგილი კურსი შეინარჩუნონ.
_ ვთხოვ პრემიერ-მინისტრს და იმ ახალ მინისტრსაც, რომელიც მოვა _ შეინარჩუნონ ის კურსი, რომელიც მიზნად დაისახა სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და ნუ იქნება უკან დაბრუნების მცდელობა. მე ვაფრთხილებ ყველას _ ნუ დაბრუნდებით უკან, რაზეც უარი ვთქვით რამდენიმე წლის წინ, – აღნიშნა ყიფიანმა, რომელსაც არც მადლობების გადახდა დავიწყებია:
_ ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მას ამ ნდობას გამოუცხადებს. მე ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში, ამ გუნდთან ერთად გავიარე ბევრი პრობლემა. მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ყველას და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთად მოვედი მთავრობაში", _ დასძინა ყიფიანმა.
ყიფიანის გადადგომის პარალელურად, გადადგა მთავრობაც, რადგან იგი მეშვიდე მინისტრია, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში შეიცვალა _ ერთი კვირის წინ თანამდებობა დატოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, შემდეგ კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხორკიშვილმა.
ახლა ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.
მთავრობის გადადგომას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე:
_ პრემიერ-მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება, ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები წარადგინოს. მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი ჩამოყალიბდება და მთავრობა მიიღებს განახლებულ სახეს, საქმეში ერთვება პარლამენტი. კანონმდებლობით პრემიერს ამისთვის ორკვირიანი ვადა აქვს. განახლებულ შემადგენლობას უკვე პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს, ჩვენ კი 7-დღიანი ვადა გვაქვს ამ საკითხზე ჩამოსაყალიბებლად, _ განაცხადა უსუფაშვილმა.