ამის შესახებ, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მთავარი, რასაც არასდროს ვაპატიებ "ქართულ ოცნებას", ესაა სააკაშვილის გადარჩენა. საკადრო სპექტაკლები იდგმება, ხალხის ყურადღების გადატანა გსურთ, ახალ ინტრიგებში იხლართებით… ისიც ვერ გითქვამთ, რატომ სტოვებთ თანამდებოებს. ხან სიდედრებს აბრალებთ და ხან- გლანდების ოპერაციას. გგონიათ, ძალიან გვაინტერესებს, სკამებს შეინარჩუნებთ, თუ ვერა?! მშვენივრად იცით, რომ წინასწარდაწერილ სცენარში სხვადასხვა პერსონაჟებს ასახიერებთ. არც ერთ თქვენგანს რეალურად არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. არც ცოდნა გაქვთ. არც გამბედაობა. არც დამოუკიდებლები ხართ. ამასობაში, სააკაშვილმა მთელი საინფორმაციო ველი დაიპყრო. ის აძლიერებს პიარ- კამპანიას,- უკვე საქართველოს შიდა მოხმარებისთვის, რადგან დასავლეთში სამარცხვინოდ დათმეთ პოზიციები და წააგეთ. ბაქო რაღაა, ჩვენი უახლოესი მეზობელი… ბაქოსთანაც ვერ დაალაგეთ ურთიერთობები. დანებდით მიშას ლობისტებს. არადა, არაა სააკაშვილის ლობისტი ამერიკის შეერთებული შტატები. კერძო კომპანიების მძევლები ხართ რეალურად.
ასეთ მძევლებად გამოჩნდით კიევში, იაცენიუკისა და კვიტაშვილის პირისპირ… იმასაც ვერ ხვდებით, რომ თქვენი ქმედებებით ქართველი ხალხი შეურაცხყოფილი და გაბრაზებულია… ან ხვდებით და გკიდივართ… ჰოდა, იწურება ჩვენი ულტიმატუმის დრო. გეუბნებით: მოადუნებენ საზოგადოებას და სხვა ხარძიანსა და ვაზაგაშვილს მოკლავენ. არც ადეიშვილი მოისვენებს და არც მიშა. მთელი ქვეყანა გარეთ გამოვალთ და მერე აღარ იქნება საჭირო პრეზიდენტის წარდგენა და პარლამენტს თანხმობა. ნაცებსაც და ოცნებასაც ერთად დაგითხოვთ! ჰო, მართლა… ბაქოდან ხომ მოგიკითხათ, ვიცი, კიდევ რა ხაფანგში გხვევთ. ამაზე ამ დღეებში საჯაროდ ვისაუბრებ. ეს სამშობლო ჩვენიცაა, მარტო თქვენი შპს არაა", _ წერს ინაშვილი.