ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღია კარის დღე ჩატარდა. დარეგისტრირებული 59 ადამიანიდან, 40-მა შეძლო თავის პრობლემებზე საუბარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათიდან ჩამოსულმა ბიძინა მახარაძემ სოფლის პრობლემის შესახებ ისაუბრა. ღია კარის დღეს გურული იუმორის გარეშე არ ჩაუვლია.
"საწუწუნოდ არ ვარ მოსული, სხვადასხვა სახის სამუშაოები სოფელში მიმდინარეობს, მაგრამ რაც სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, კარგია თუ დაგვეხმარებით და გაგვიკეთებთ. სოფლის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს, საყანე ფართობი გვაქვს, მაგრამ ყოველ გაწვიმებაზე 2 000 მეტრი მიწის ნაკვეთი მიაქვს წყალს, ახლა ხვნა-თესვა მიდის. დაგვეხმარეთ, ნაპირსამაგრი სამუშაოები არის ჩასატარებელი, თორემ დამრჩა ეს მოპირული თოხი უხმარი. ეს არის სერიოზული თხოვნა". _ თქვა ბიძინა მახარაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი კვერღელიძის თქმით, ამ პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად დაინტერესდება.
"გურია ნიუსი" ვრცელ სტატიას ღია კარის დღის შესახებ, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.