დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც "post-ალიონისა" და გაზეთ "გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტის – "აირჩიე დემოკრატია" ფარგლებში ქალაქის სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
სხდომაზე ძირითად საკითხად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება იყო წარმოდგენილი. აღნიშნული საკითხი დეპუტატთა წინაშე გამგებელმა ზაზა ურუშაძემ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით, უარყოფითი დასკვნა დადო საკრებულოს საფინანსო კომისიამ. კომისიის სხდომაზე ანგარიშს მხარი მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე დაუჭირა, ოთხმა კი დაიწუნა, მათ შორის უმრავლესობის წევრმაც. სამმა კომისიის წევრმა თავი შეიკავა, საკრებულოს სხდომამდე საკითხში უკეთ გარკვევის არგუმენტით.
როგორც დღევანდელმა სხდომამ ცხადყო, დეპუტატები მართლაც საფუძვლიანად გარკვეულან რიგ საკითხებში, განსაკუთრებით საფინანსო კომისის წევრები, რადგან დღევანდელი კენჭისყრისაზე, ბიუჯეტის ანგარიშს მხარი უმრავლესობის იმ დეპუტატმაც დაუჭირა, რომელმაც კომისიის სხდომაზე უარყოფითი შეფასება მისცა წარმოდგენილ ანგარიშს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გასულ პარასკევს, საფინანსო კომისიის სხდომის დამთავრების შემდეგ, საკითხის ჩავარდნის გამო, საკმაოდ ხმამაღალი საუბარი შედგა გამგებელსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის.
საბოლოოდ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრისას, გამგებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს დარბაზში მყოფი 30 დეპუტატიდან მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, უარყოფითი შეფასება ექვსმა დეპუტატმა მისცა, დანარჩენები კი თავის შეკავებით შემოიფარგლნენ.