ექსპერტ ვაჟა ბერიძის მოსაზრებით მთავრობის ახალ გუნდში ეკონომიკური მიმართულების მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
როგორც ბერიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ლარის კურსის გაუფასურება მინისტრების შეცვლისთვის საკმაო მიზეზი არ არის.
"ვფიქრობ, ახალი მანდატის მოსაპოვებლად წარდგენილ კაბინეტს და პრემიერს,ბუნებრივია, მოუხდება ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბარი, განსაკუთრებით ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა დიდი ხანია არის კითხვის ნიშნის საგანი და საზოგადოების უკმაყოფილება აბსოლუტურად საფუძვლიანად მიმაჩნია, თუმცა, ეკონომიკური გუნდის ცვლილებებისთვის საკმაო მიზეზი არ არსებობს. ვფიქრობ, ახალ კაბინეტში ყველა ეკონომიკური მიმართულების მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს.
პრეტენზიები, რომელიც მიმართულია ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის და დანარჩენი მინისტრების მიმართ მოკლებულია ისეთ სიმწვავეს და დამოკიდებულებას, რომ პრემიერი წავიდეს ამ კუთხით ცვლილებების განხორციელებაზე. ასეთ ცვლილებებს ამ ეტაპზე არ ველი", _ აცხადებს ბერიძე.
ცნობისთვის, პრემიერმა მთავრობის ახალი გუნდი ხვალ უნდა წარადგინოს.