"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის #107 განკარგულებაში ცვლილებები გახორციელდა. კერძოდ, საუბარია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, როგორც საშემოსავლო, ასევე, ხარჯვითი ნაწილის კორექტირებაზე. მოგეხსენებათ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მთავრობამ გამოყო 817 477 ლარი, რომელიც აისახა კიდეც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საფინანსო, საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას თქმით, გარკვეული ცვლილებები სხვადასხვა მუხლებსაც შეეხო _ რელიგიის მხარდაჭერის მიზნით, დაფინანსება 25 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო ნიგოითის ადმინისტრაციული შენობის რემონტისა და დაცვის უზრუნველყოფისთვის, შესაბამისად, 16 ათასი ლარითა და 1 500 ლარით მოხდება ხარჯების ზრდა. 2 500-2 500 ლარია საჭირო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხის მორების დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ფურცლის გამოცემისთვის.
2 000 ლარით მოხდება საკრებულოს მიერ შექმნილი კომისიის მიერ დროშისა და გერბის კონკურსში გამარჯვებულების ჰონორარით უზრუნველყოფა, ამდენივეთი დაფინანსდება პროექტი _ "არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია", რომელსაც შპს "შემოქმედებითი გაერთიანება კადრი _ XXI" ახორციელებს.
ლაშხიას თქმით, აღნიშნული ხარჯების დაფინანსება 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ბიუჯეტში არსებული თავისუფალი თანხების ნაშთიდან გახორციელდება. იმავდროულად, მოხდება თანხების შიდამონაცვლეობა, კერძოდ, გამგეობის ოფისის რემონტის ხარჯი 2 500 ლარით მცირდება და გადადის საკრებულოს ანალოგიურ მუხლში. იგივე ხდება სოცუზრუნველყოფის მუხლშიც, სადაც საუბარია 3000 ლარის ადგილმონაცვლეობაზე ისევ საკრებულოს სასარგებლოდ.
საბიუჯეტო ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია _ დეპუტატ გია გოგუაძის თქმით, მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის მაჩვენებელი, სულ რაღაც 16 %-ია, ხარჯების კიდევ ზრდა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.