"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არის თავისუფალი სიტყვის დევნა, შურისძიება და ანგარიშსწორება" – აღნიშნული განცხადებები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ფრაქცია ოზურგეთის მომავლისათვის" თავმჯდომარე ლევან მგელაძემ და წევრებმა, ნათია შარაშენიძემ და თამარ ნადირიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
დეპუტატებმა, 4 მაისს საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით, სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ძიმისტარაშვილის თანამდებობიდან უკანონოდ განთავისუფლებაზე ისაუბრეს.
საკრებულოს წევრ ლევან მგელაძის თქმით, გუშინ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ძიმისტარაშვილის მიერ მათ მიმართ ფულის გამოძალვას შეეხებოდა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
როგორც მგელაძემ, ბრიფინგზე აღნიშნა, განმცხადებლებმა და საკრებულოს რამდენიმე წევრმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდნენ და რეაგირებას არ ახდენდნენ რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
"აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება" _ განაცხადა მგელაძემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ძიმისტარაშვილი, მხოლოდ იმის გამო დაისაჯა, რომ მან ხმა არ მისცა მერის, ბეგლარ სიორიძის მიერ შეტანილ პროექტს, როცა ის ბაზრის ტერიტორიაზე 35 წლიან იჯარას პირდაპირი განკარგვის წესით საკრებულოს თანხმობას ითხოვდა.
ლევან მგელაძის განცხადებით, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს, ქალაქის საკრებულოში არის თავისუფალი სიტყვის დევნა, შურისძიება და ანგარიშსწორება.
საკრებულოს დეპუტატმა ნათია შარაშენიძემ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დაჩოქილი უწოდა.
"გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ დაჩოქილი საკრებულო, იმ საკრებულოში სადაც "უმრავლესობა" ოპოზიციაა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მიიღო მისთვის სასურველი შედეგი. ეს არის მესიჯი, რომ საკრებულო ემსახურება მხოლოდ ხელისუფლებების გადაწყვეტილებებს."
როგორც ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, მათ სარჩელი უკვე მზად აქვთ და პროკურატურას აუცილებლად მიმართავენ.