მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესაბამისად მთავრობა პრეზიდენტისგან პარლამენტისთვის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობის წარდგენას ელოდება, რომელიც მისთვის გადაგზავნილია.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება. ჩვენ არ ვგეგმავთ არავითარ ცვლილებებს. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა 1-ელ მაისსაც. როდესაც ჩვენ შემადგენლობა წარვუდგინეთ პრეზიდენტს, მას შემდეგაც იყო ამ თემაზე კომენტარები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კითხვები მაინც ჩნდება, საჭიროდ ჩავთვალეთ კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა განმარტება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან განახლებული შემადგენლობის გადაგზავნას პარლამენტში", _ განუცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.
მან მთავრობის ადმინისტრაციის თხოვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე წარუდგინოს, კიდევ ერთხელ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი მომავალ კვირაში დაგეგმილი ღონისძიებებია.
"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აგრძელებს მუშაობას, რა თქმა უნდა, იქმნება გარკვეული ტექნიკური სირთულეები. მაგალითად, ახლა 4 მინისტრი – იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შს მინისტრები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმყოფებიან ვიზიტებით, მაგრამ მათ მოუწიათ გრაფიკის შეცვლა. ვიზიტების ნაწილი სხვა მინისტრების მიერ იქნა გადადებული შემდეგი კვირისთვის. 9 მაისს მოგეხსენებათ, დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე 9 მაისს ჩამოდის EBRD-ის პრეზიდენტი, 10 მაისს კი ამ ფორუმთან დაკავშირებული ღონისძიებების აქტიურ ფაზაში შესვლაა დაგეგმილი. ასევე, ჩანიშნულია სხვა ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იქნება გათვალისწინებული ეს გარემოებები და შესაძლებელი გახდება პრეზიდენტის მხრიდან ამ ვადის გასვლამდე მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტისთვის გადაგზავნა", _ აღნიშნა მცქიტიშვილმა და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, პარლამენტი მზად არის, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას როგორც საკომიტეტო, ისე პლენარული სესიის ფორმატში 7 და 8 მაისს მოუსმინოს.
ცნობისთის, პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის ვადა სწორედ 8 მაისს ეწურება.