ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი საკადრო გადაადგილება მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, სოფიო ჩხაიძე გამგებლის ერთ-ერთ მრჩევლად დაინიშნა, ხოლო პაატა ურუშაძე, რომელიც მანამდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას, ჩხაიძის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილას გადაიყვანეს.
ცნობისთვის, სოფიო ჩხაიძე გამგეობაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასაქმდა, ჯერ როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ხოლო გასული წლის აგვისტოდან გამგეობაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ ამავე დარგის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.
რაც შეეხება პაატა ურუშაძეს, ის რამდენიმე წელი გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა, ხოლო გამგებლის მრჩევლად მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაინიშნა. ეს მას შემდეგ, რაც ყოფილ მრჩეველს, დავით წულაძეს „სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შესრულება დააკისრეს.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი საკადრო ცვლილება რამდენიმე დღის წინ გამგებლის მეორე მრჩეველს თამარ ფირცხალაიშვილსაც შეეხო, რომელსაც გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ჩააბარეს, ხოლო ამ სამსახურის ყოფილი უფროსი მარინა კეიდია გამგებლის მრჩევლად გადაიყვანეს.