ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი საგზაო უსაფრთხოების კვირეულს შეუერთდა. 2015 წლის 4-10 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ეგიდით ტარდება საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეული, რომლის გზავნილია „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე“. კვირეულის მიზანია 2011-2020 წლების პერიოდში საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა და პრევენციული ღონისძიების შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება. ყოველწლიურად 1,2 მილიონი ადამიანი იღუპება და 50 მილიონზე მეტი ადამიანი იღებს დაზიანებას მსოფლიო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან ავტოკატასტროფების 95% ადამიანური ფაქტორებითაა გამოწვეული.
ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხჯერ მაღალია. სწორედ ამიტომ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა საინფორმაციო შეხვედრა საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის.
შეხვედრას ავტო-სკოლის პედაგოგი ნინო გაგუა უძღვებოდა. ბავშვებმა მიიღო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ. შეხვედრის დასასრულს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ბავშვებს საჩუქრად გადასცა შუქამრეკლები-რეფლექტორები და ჟილეტები.