ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში“ ხანძრის შედეგად დაღუპული სამივე ბავშვი ამ დროისათვის, ბათუმში, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილას დილიდანვე ჩავიდნენ აჭარის მთავრობის წევრები, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი. ქობულეთში ამ წუთებში ელოდებიან რუსთავის მერს, რადგან დაღუპული ბავშვები რუსთავიდან არიიან.
სასტუმროში მყოფი სხვა ბავშვები ამ დროისათვის მიმდებარე შენობებში არიან გადანაწილებულნი.
ხანძარი სასტუმროში განთენიისას გაჩნდა და ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გამომწვევი მიზეზები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამთენისას ქობულეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პატრულირებისას შეამჩნიეს კვამლი სასტუმროს შენობიდან. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [სახანძრო] თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.
ქალაქ რუსთავში არსებული ცეკვის ანსამბლი "მერცხალი 2" ბათუმში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული. ისინი ქობულეთში იყვნენ დაბინავებული.