რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა კლიფ რიჩარდმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოსადგურს დაუფარავად შეუტია.
საუბარია რეტრო-რადიოსადგურზე „Absolute Radio 60s“. ამ დაწესებულების ხელმძღვანელებმა უარი განაცხადეს, რომ თავიანთ საეთერო დროში 74 წლის მომღერლის სიმღერები განეთავსებინათ.
რადიოსადგურის წამყვანმა, ვინმე პიტ მიტჩელმა წინა საუკუნის 60-იანი წლების ვარსკვლავს დაუფარავად განუცხადა, რომ მისი შემოქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ მიზეზის გამო რიჩარდის სიმღერებს რადიოეთერში არ გაუშვებდნენ. მიტჩელის განცხადებით, რადიოს წამყვანები ძირითად ყურადღებას ისეთ ცნობილ ჯგუფებს მიაქცევენ, როგორებიც „The Beatles“, „The Stone“ და „The Who“ არიან. ამ ჩამონათვალთან შედარებით კლიფ რიჩარდი სრულ არარაობას წარმოადგენს.
ამბობენ გემოვნებაზე არ მსჯელობენო, მაგრამ მისტერ კლიფი დიჯეი პიტს რასაკვირველია არ დაეთანხმა და საკუთარი თავი დაიცვა.
„აქტიური მუსიკალური კარიერა „The Beatles“-ის გამოჩენამდე ხუთი წლით ადრე დავიწყე. როდესაც ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი სცენაზე პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, ბრიტანული ჰიტ-პარადების ლიდერი გახლდით. ამის შემდეგ ვინმე პიტ მიტჩელი აცხადებს, რომ არაფერს წარმოვადგენ. მიმაჩნია, რომ მსოფლიო პოპ მუსიკის შემადგენელი ნაწილი ვარ და ჩემს სახელს მუსიკის ისტორიიდან ვერავინ ამოშლის. სად იყო „The Beatles“ ან „The Who“, როდესაც ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ „Billboard“ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მომღერლად დამასახელა“. – განაცხადა აღშფოთებულმა კლიფ რიჩარდმა.