რამდენიმე დღის წინ, გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ერთი საინტერესო სტატისტიკური გამოკვლევის შედეგი გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ამერიკელები შრშანდელთან შედარებით უფრო იშვიათად დადიან კინოში. კინოთეატრების მაყურებელთა რაოდენობა 12 პროცენტით არის შემცირებული. გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც სურათებს საერთოდ აღარ უყურებს.
ჰოლივუდში რამდენიმე ათეული წელია ერთი დაუწერელი კანონი მოქმედებს. საკმარისი იყო ფილმი სპეცეფექტებით გაძეძგილიყო, მასში ვარსკვლავებს ეთამაშათ და კომერციული მოგება გარანტირებული იყო.
ბოლო მონაცემებით გაირკვა, რომ ტყუპისცალივით მსგავსმა ფილმებმა თავისი თავი საბოლოოდ ამოწურა და ძვირადღირებული „ბლოკბასტერების“ დამზადება გარანტირებულ ფინანსურ მოგებას უკვე აღარ ნიშნავს.
ჰოლივუდის ერთფეროვნება ნებისმიერ ადამიანს მოაბეზრებდა თავს. ბევრი ფილმი გაქირავებაში იმიტომ ჩავარდა, რომ მეტისმეტად მდარე ხარისხის იყო და სრულიად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ასეთ ფილმებში რომელიმე ვარსკვლავი ითამაშებდა თუ არა, მაყურებელი მაინც მოწყენილობისაგან ამთქნარებდა.
როგორც ჩანს, ჰოლივუდი ამჯერად ახალ სტრატეგიას აირჩევს. თუ აქამდე მთელი ყურადღება სპეცეფექტებს ეთმობოდა, ახლა აქცენტი ორიგინალურ სიუჟეტზე და ფილმის საერთო მხატვრულ დონეზე გაკეთდება. ეს კი მსოფლიო კინემატოგრაფს აუცილებლად წაადგება.