ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლაშა თავაძის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლს ამკაცრებს.
ოზურგეთის შესაბამისი სამსახურები სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის თანახმად ახორციელებენ.
“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სასტუმროებსა და საჯარო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურები სასტუმროების პროექტებს მშენებლობის დაწყებამდე მკაცრად აკონტროლებენ. უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობას ზედამხედველობის სამსახური ეტაპობრივად ამოწმებს და მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს მშენებლობის პროცესშიც. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლს მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო გაამკაცრებს”, _ამბობს ლაშა თავაძე.