"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი, თემურ სალუქვაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის განცხადებას ეხმაურება.
"თავისუფალ დემოკრატებს" არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, სამართალდამცავი სტრუქტურების ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ გაექცა ბოლშევიკურ-ნაციონალური მეთოდებით მართვას და ხშირ შემთხვევაში იყენებს მას პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისათვის. სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ იმ ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, "თავისუფალი დემოკრატის" ვახტანგ ზენაიშვილის მიმართ." – ამბობს თემურ სალუქვაძე.
მისივე თქმით, ასეთი შეთხზული "ლეგენდის" გამოცნობა, არც თუ ისე რთულია საზოგადოებისათვის. ხელისუფლებას მისამართი ეშლება, როდესაც მცდელობა აქვს ასეთი მეთოდებით "თავისუფალ დემოკრატებზე" ზეწოლა მოახდინოს.
"ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ, ყოველთვის წინ აღვუდგებით და შევეწინააღმდეგებით მსგავსი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, ფუჭია თქვენი მცდელობა! და თუ, ასეთი მანკიერი ინსტრუმენტებით გააგრძელებთ ქვეყნის მართვას, ადრე თუ გვიან თავადვე შეეწირებით! ხალხზე ზრუნვა და არა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია – უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა!" – თქვა თემურ სალუქვაძემ.