საქართველოს მთავრობა დღეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა რეფორმირების საკითხზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პროექტებს სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგენენ.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.