საფეხბურთო კლუბებმა – თბილისის „ლოკომოტივი“ და ხარაგაულის „ჩხერიმელა“ – სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის 11 მაისს მიღებული დადგენილების 1.3 მუხლი საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრეს.
სკ „ლოკომოტივმა“ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აღმასრულებელი კომიტეტის 11 მაისს მიღებული დადგენილების 1.3 მუხლის საფუძველზე („ჩხერიმელასა“ და „სტუ“-ს გათამაშებიდან მოხსნა) უსამართლოდ დაისაჯა, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება ზიანს აყენებს „ლოკომოტივის“ ინტერესებს და პირდაპირ გავლენას ახდენს გუნდის სპორტულ შედეგებზე. ფაქტიურად, აუარესებს მათ სატურნირო მდგომარეობას, ვინაიდან გუნდი იბრძვის უმაღლესი ლიგის საგზურისთვის.
წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდეგ, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი მივიდა დასკვნამდე, რომ სკ „ლოკომოტივის“ განცხადება პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს.
ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტრიბუნალს მიაჩნია, რომ პრეტენზიის უზრუნველყოფის არგამოყენება უფრო მეტ ზიანს მოიტანს.
თავის განცხადებაში სკ „ჩხერიმელამ“ აღნიშნა, რომ ის უკანონოდ იქნა მოხსნილი შეჯიბრებიდან და მანაც მოითხოვა სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის 2015 წლის 11 მაისის დადგენილების 1.3 მუხლის მოქმედების შეჩერება.
საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა, ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელა ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე და საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ დაკმაყოფილდეს სკ „ჩხერიმელას“ განცხადება პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე.
ასე რომ, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის 2015 წლის 11 მაისის დადგენილების 1.3 მუხლის მოქმედება შეჩერებულ იქნა.
საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სკ „ჩხერიმელა“ და სკ „სტუ-ნორჩი დინამო“ აღდგენილი არიან პირველი ლიგის გათამაშებაში, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებაში.
ასევე, სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტს დაევალა ყველა იმ მატჩის ჩატარების ორგანიზება, რომელიც გამოტოვეს სკ „ჩხერიმელამ“ და სკ „სტუ“-მ.
საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, აღდგენილ იქნას პირველი ლიგის გათამაშების ის სპორტული შედეგები, რომელიც არსებობდა სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის 2015 წლის 11 მაისის დადგენილებამდე.
საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სფფ-ის პრესსამსახური