"საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებაა" _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელს, უეფა-ს სუპერთასი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, აბრეშუმის გზის ფორუმი, – ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში გაიმართება.
მთავრობის მეთაურმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საკითხში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წვლილზე ისაუბრა და მას აღნიშნული გადაწყვეტილება მიულოცა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და განაცხადა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა, როგორც საქართველოს ცნობადობის გაზრდის, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
"მინდა, ყველას მოგილოცოთ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების წარმატება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა წარმატებული უწოდა EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს თბილისში, რომელიც რეგიონში უპრეცედენტო იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს და მისი უწყების თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი გელა ხანიშვილს, რომელიც ღონისძიების მოსამზადებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა..