მოსამართლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი განცხადებას ავრცელებს.
"პროფესიულ დღეს ვულოცავ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, და მოსამართლეთა კორპუსს.
ძვირფასო მოსამართლეებო, თქვენზე იყო 9 წლის განმავლობაში დამოკიდებული, დაგემკვიდრებინათ სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში, არ დაგეშვათ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები და შეგეძლოთ, შვება მიგეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თქვენს ხელში სიმართლე უნდა ეპოვათ. სამწუხაროდ, გამრუდებული მართლმსაჯულება, დაკვეთილი განაჩენები იყო წესი. უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენები ზიანს აყენებდა საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის იმიჯს, რასაც მე და ჩემი კოლეგები სტრასბურგის სასამართლოში კარგად ვხედავდით. მჯერა, რომ წლევანდელი პროფესიული დღე იქნება პროფესიული ზრდის, პროგრესის, ევროპული სტანდარტის რეფორმებთან შემგუებლობისა და მათში მონაწილეობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების ერთგულებისა და საზოგადოების ნდობის მოპოვების დასაწყისი. პირველ რიგში, სწორედ საზოგადოების ნდობის მოპოვებას გისურვებთ!
ახალი მოსამართლეების დიდი იმედი მაქვს. ისინი სამუდამოდ უნდა განწესდნენ თანამდებობაზე და ვიცი, რომ არასოდეს დაატყდებათ თავს ის უბედურება, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების ტერორი ჰქვია. წარმატებებს გისურვებთ ყველას, რადგან არ არსებობს დემოკრატია და თანამედროვე სახელმწიფო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ მოკლე დროში მისცა მოსამართლეებს კარგი კანონები. ჩვენ მიერ შემუშავებული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღაც მალე იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. გქონდეთ ჩვენი იმედი პროგრესისა და რეფორმის გზაზე", − აღნიშნულია განცხადებაში.