უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლეს პროფესიულ დღეს ულოცავს.
"გისურვებთ წარმატებებს როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწევით არის ძალზედ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
მეტწილად, სწორედ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დაცულობის განცდას და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ქართული მართლმსაჯულების მიმართ. გისურვებთ, ღირსეულად ატაროთ მოსამართლის მანტია და პირნათლად აღასრულოთ მოსამართლის მაღალი დანიშნულება.
ჩემი მხრიდან კი გპირდებით, რომ ვიქნები თქვენი პროფესიული უფლებების დამცველი და მოვისმენ თითოეული თქვენგანის პოზიციას, რათა ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება, რომელიც იქნება კარგი შესაძლებლობა ერთად ვიმსჯელოთ ქართული სასამართლო სისტემის დღევანდელობის შესახებ, დავსახოთ სამომავლო გეგმები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისათვის, რომელსაც საზოგადოება ენდობა", _ აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მისალოც წერილში.