ალექსანდრე კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ, უკრაინის რადაში დადგენილების პროექტი შევიდა. დოკუმენტი, დღეს, შვიდწევრიანი დეპუტატების ჯგუფის მიერ დარეგისტრირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დადგენილების პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები – ანდრეი დერკაჩი, ანდრეი შიპკო, ვლადიმირ ბანდუროვი, ვიქტორ რაზვადოვსკი, იგორ მოლოტოკი, მიხაილ პაპიევი, იგორ ერემეევი. კვიტაშვილის გარდა, იგივე დეპუტატები ითხოვენ აგრარული პოლიტიკისა და ვაჭრობის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი პავლენკოს გადაყენებას, გამონაკლისია შიპკო, თუმცა აქ მას ცვლის ვიტალი ბარვინენკო.
დადგენილების პროექტის ტექსტები ჯერ უკრაინის პარლამენტის საიტზე არ გამოქვეყნებულა.
ცნობისთვის, რადას დილის სესიაზე დეპუტატმა ოსანა კორჩინსკაიამ კვიტაშვილი დაადანაშაულა უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დაჭრილი მეომრები ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციის გამო არ მიჰყავთ უცხოეთში სამკურნალოდ. თავად კვიტაშვილმა კი ეს ინფორმაცია უარყო.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა.