საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესმადა უნეტარესმა ილია მეორემ თავის საკვირაო ქადაგებაში ყურადღება აბორტების თემაზე გაამახვილა და ექიმებს მიმართა, რომ საქართველოში აბორტები შეწყვიტონ.
მისი განცხადებით, მათთვის აბორტის გაკეთება არის უდიდესი და საშინელი ცოდვა.
"უნდა მივმართო ყველას,შეწყდეს აბორტები საქართველოში. უნდა გახსოვდეთ, რომ აბორტი არის შვილის კვლა. ეს არის უდიდესი ცოდვა და განსაკუთრებით მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ, რომ ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის, ამიტომ უნდა შეწყდეს აბორტები და ღმერთი რამდენ შვილსაც მისცემთ, იმდენი შვილი უნდა იყოლიონ", _ აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
გარდა ამისა, პატრიარქმა ოჯახის სიმტკიცის მნიშვნელობაზეც იქადაგა და აღნიშნა, რომ თუ ოჯახები მტკიცე იქნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება.
"როგორც თქვენ იცით, ღვთის ლოცვა-კურთხევით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესასწაული. ამ დღესასწაულს ყველას გილოცავთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახი არის კაცობრიობის ფუძე და ფუძე სახელმწიფოსი. თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება. დღეს მე მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახი, ოჯახის ყველა წევრი, ყველა პიროვნება, ვინც უფლის ჭეშმარიტი მადიდებელია და მისი გზით ცხოვრობს", _ აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, ოჯახის სიმტკიცე არის ადამიანის ბედნიერების საკითხი. უწმინდესმა მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილი წაუკითხა, სადაც ნათქვამია, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც უფალმა შეიყვარა ეკლესია თვისი.