საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის: "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში გურიას გუშინ ეწვია.
რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, მთავრობის მეთაურმა რეგიონში ახლად გახსნილ და მშენებარე საწარმოები დაათვალიერა.
პრემიერის გურიაში ვიზიტი ჩოხატაურიდან დაიწყო _ ღარიბაშვილმა ჩოხატაურში მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმო დაათვალიერა, რომელიც ერთ თვეში უნდა გაიხსნას.
საწარმოში პრემიერს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ერთად ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელიც დახვდა და ერთი მნიშვნელოვანი ინფორ-
მაცია მიაწოდა:
_ ბატონო პრემიერო, ყველაზე ნაკლები აქ რა გვაქვს იცით? ტყემალი. გურიაში ყველაზე ნაკლებადაა ტყემალი.
_ გურიაში არ მოდის ტყემალი? _ გაკვირვება არ დაუმალავს პრემიერს.
_ როგორ არ მოდის, მაგრამ სულ მოუჭრიათ შეშის გულისთვის, _ "გაანათლა" პრემიერი დეპუტატმა, თუმცა, იმის თქმა "დაავიწყდა", რომ გურულებს დიდი ხანია
შეშის ჭრის უფლება არ აძლევენ და სწორედ ეს გახდა ამ "გასაკვირი" ქმედების მიზეზი.
ამ საუბრის და საწარმოს დათვალიერების შემდეგ, პრემიერმა საწარმოს მნიშვნელობაზე ისაუბრა:
_ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ რეგიონის განვითარებას. ხილის გადამამუშავებელი საწარმო პირველია ჩოხატაურში. ჩვენი მთავარი დევიზია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ეს საწარმო ერთ-ერთმა აქტიურმა ბიზნესმენმა, ზურაბ ჩხაიძემ განავითარა სახელმწიფოს თანადაფინანსებით _ დაახლოებით 400 000 დოლარი გამოვუყავით. დანარჩენი კი იაფი სესხის ფარგლებში გაკეთდა. და ხედავთ, რომ 1 მილიონი დოლარის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ახალი საწარმოს გაკეთება. ეს ჩოხატაურისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივებს, წლების განმავლობაში არ შეეძლო მოყვანილი ხილის რეალიზაცია. ხილი ლპებოდა და ჩაბარების შესაძლებლობა არ იყო. ეს საწარმო მთლიანად ჩაიბარებს ჩოხატაურის რაიონში მოყვანილ ხილს, მოხდება გადამუშავება და ხილ-ფაფების წარმოება. კიდვე ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილიც შეიქმნა. ასევე გეტყვით, რომ ეს პროდუქცია გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზეც გავა. და ყველაზე მთავარი სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს პროდუქციის ექსპორტზე გამტანი წარმოების განვითარებას, _ განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა "გურია ნიუსის" ექსკლუზიურ შეკითხვებსაც უპასუხა და გურულებს ბოდიში მოუხადა:
_ ბატონო ირაკლი, თუ ფლობთ ინფორმაციას გურიის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ? მაგალითად, ჩოხატაურს, წლებია, ნაგვის მანქანის არ აქვს და დიდი ხანია ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას დახმარებას სთხოვს; პრობლემაა ბახმაროს სტატუსი, სახანძრო მანქანები, რომელთა არქონის გამო, ბოლო თვეების განმავლობაში 5 სახლი დაიწვა…
_ ჩემი დავალებით ჩვენ დავამუშავეთ პროექტი და მთელი საქართველოს მასშტაბით წელსვე დავიწყებთ ნაგვის ბუნკერების, ნაგვის და სახანძრო მანქანების შესყიდვას. ლიზინგით ავიღებთ ამ მანქანებს და ყველა რეგიონს მოვამარაგებთ. წელს დაიწყება ეტაპობრივად რეგიონის მომარაგება.
_ ბახმაროს სტატუსზე რას გვეტყვით? როგორც ვიცით, ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენთან პროექტი აქვს გამოგზავნილი და პასუხს დიდი ხანია ელოდება…
_ არა, არა. ბახმაროზე ვმუშაობთ, ვმუშაობთ ასევე სხვადასხვა პროექტების განვითარებაზე და გურიის რეგიონის განვითარება არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი, რადგან გურია უნიკალური მხარეა. აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში გურიის გუბერნატორი არ იყო დანიშნული. მე ბოდიში მინდა მოვუხადო გურულებს, მაგრამ გეტყვით, რომ განსაკუთრებულად შევარჩიეთ პატრიოტი კაცი, რომელიც არის ოზურგეთიდან. ასე რომ, მიმაჩნია, გურიას აქვს უნიკალური რესურსი.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, დიდი ხანია ჩაის განვითარებაზე საუბრობს. პროექტის კი მოამზადეს, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა…
_ ჩაის განვითარება ამ მხარეში აუცილებლად მოხდება; გურიაში, ასევე, განვითარდება მოცვის წარმოება. ეს არის ძალიან რენტაბელური ბიზნესი, _ გვითხრა ღარიბაშვილმა და დასძინა:
_ ჩვენგან მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ გურულებს.
ამ ინტერვიუს შემდეგ პრემიერი ოზურგეთში გაემგზავრა, სადაც ანასეულსა და გურიანთაში ახალგახსნილი საწარმოები დაათვალიერა.
მედიისთვის დახურულ ფორმატში შედგა შეხვედრა გურიის მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან. ვიზიტის ბოლოს კი მთავრობის მეთაური საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო.