ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობამ, დღეს, წინასწარ დაანონსებული საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნა იყო ხელისუფლებისგან მიეღოთ კონკრეტული პასუხი, თუ როდის დაიწყება სუფსა-ჩოჩხათი-გულიანის 11-კილომეტრიანი გზის გაკეთება.
მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და სოფლის მაჟორიტარი ალექსანდრე სარიშვილი.
ზაზა ურუშაძის თქმით, პროექტი მზადაა, რომელმაც სამხარაულის ექსპერტიზა გაიარა. მთლიანი სამუშაოები 4 436 000 ლარს მოიცავს და ეტაპობრივად ჩატარდება.
"მიმდინარე წელს სამუშაოების ჩასატარებლად გათვალისწინებულია 900 ათასი ლარი, 2016 წელს კი, ეს თანხა 2 500 000 ლარამდე გაიზრდება. 10 ივნისისთვის ჩატარდება ტენდერი და შემდეგ უკვე დაიწყება სამუშაოები", _ აღნიშნა ურუშაძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, მოსახლეობა ფიქრობს, რომ შესაძლოა, ზაზა ურუშაძის მიერ გაკეთებული განცხადება მორიგ ცრუ დაპირებად იქცეს.
პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ 1 ივლისიდან აღნიშნულ გზის მონაკვეთზე სამუშაოები არ დაიწყება, ჩოჩხათლები გაცილებით ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ ცენტრალურ ავტომაგისტრალს და რკინიგზას გადავკეტავენ.