ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „World Food Azerbaijan-2015“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 47 ქვეყნის 250–ზე მეტი კომპანია იღებს.
გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა საქართველოს 8 კომპანიამ: „სნო“, „ნაბეღლავი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, „ბაგრატიონი“, „ბარამბო“, „მილდიანი“, „ევრონატი“ და „ლივო“.
საქართველოს საგამოფენო ცენტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაათვალიერა. პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ მიაწოდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით ასეთი მრავალფეროვანი და ფართო ექსპოზიცია ქართულმა მხარემ პირველად წარმოადგინა ბაქოში და მან წარმატებები უსურვა ქართველ მეწარმეებს.
გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურიშვილის ხელმძღვანელობით.