2015 წლის 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პირველად იქნება წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მთავარი მესიჯიით: "ერთად დავიცვათ ჩვენი პირადი ცხოვრება!"
ღონისძიებაზე ინსპექტორის აპარატი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს კარავი #32.
ინსპექტორის აპარატი მოსულ სტუმრებს და პოლიტიკოსებს რამდენიმე აქტივობას შესთავაზებს, მათ შორის პირადი ცხოვრების დაცვის და პერსონალური მონაცემების დაცვის დეკლარაციაზე ხელმოწერა. დეკლარაციაში აღნიშნული და ჩამოყალიბებულია ის ძირითადი თეზისები, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და პერსონალური მონაცემების დაცვას ეხება, მასზე ხელმოწერით მოქალაქეები და პოლიტიკოსები გამოთქვამენ მზადყოფნას დაიცვან საკუთარი და პატივი სცენ სხვების პირად ცხოვრებას.
სპეციალურად მოწყობილ კარავში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უარი თქვან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, ასევე გაწმინდონ მობილური ტელეფონები ვირუსებისგან და მიიღონ პროფესიონალური კონსულტაცია სხვადასხვა იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით.
ინსპექტორის აპარატის გვერდით მოწყობილი იქნება სპეციალური გადასაღები მოედანი, სადაც მოქალაქეებს პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სახალისო მცირე ბანერები დახვდებათ, ხოლო ბავშვების გართობაზე იზრუნებენ ილუზიონისტი და ჯამბაზი.
მთელი დღის განმავლობაში ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე დაარიგებენ ბუშტებსა და საინფორმაციო ფლაერებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და მოქალაქეების უფლებებზე.