"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან პავლე კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის გასვლასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვებით განცხადებას ავრცელებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ლევან თარხნიშვილი.
"ზოგადად ყველა ზრდასრული ადამიანი თავისუფალია იმაში, რომ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება და გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი. ამავე დროს სხვა ზრდასრული ადამიანები თავისუფლები არიან იმაში, რომ შეაფასონ მათი ეს გადაწყვტილებები და ნაბიჯები.
ჩემთვის ადამიანის ქმედების შეფასების ორი მარტივი კრიტერიუმი არსებობს: 1. მორალური და 2. გამომდინარე იქედან, რომ არასოდეს ვყოფილვარ პროცესზე ორიენტირებული ადამიანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გაახლოებს ეს ქმედება ძირითად მიზანს ან მიზნებს.
მორალს დროებით შევეშვათ. რა ამოცანები გვაქვს ჩვენ დღეს, როგორც პოლიტიკოსებს და ხალხს, ვისაც საქართველო გვიყვარს?
_ ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას ივანიშვილი და მისი მონები;
_ დავაბრუნოთ საქართველო განვითარების დასავლურ ვექტორზე;
_ შევქმნათ პოლიტიკური სისტემა, სადაც ადამიანები პატივს ცემენ საარჩევნო ციკლებს და ხალხის არჩევანს;
_ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და არ დავუშვათ ახლების არსებობა.
ამას ემატება ენმ-ს წევრების სურვილი, რომ პარტია იყოს უფრო ძლიერი და დემოკრატიული. ახლა ვიკითხოთ, ცნობილი ოთხეულის გადაწყვეტილება რომელიმე ამ მიზანს გვაახლოებს? ჩემი აზრით, არა. ესეც ჩემი შეფასება.
მოგიწოდებთ ყველას, ასე წყნარად, ემოციების გარეშე შეაფასოთ მათი ქმედება და დარწმუნებული ვარ, თქვენი უმეტესობა იგივე შედეგს მიიღებს.
რომ შეაფასებთ, დიდხანს არ გაჩერდეთ ამ საკითხზე, ჩვენი ძირითადი ამოცანების შესასრულებლად ქმედებაა საჭირო _ საქართველოს დასავლური არჩევანი საფრთხეშია და რაც ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, ჩვენი მეგობრებო ციხეში არიან", _ წერს თარხნიშვილი.