2010 წლის 19 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება გააფორმა ინდმეწარმე შალვა სიხარულიძესთან 40 000 ლარზე. ხელშეკრულების თანახმად, სიხარულიძეს დაბა ჩოხატაურში, ბენდელიანის ქუჩაზე, მინი სპორტული კომპლექსი უნდა მოეწყო. იმავე წლის 12 აგვისტოს, ხუნდაძე სიხარულიძეს ისევ უფორმებს ხელშეკრულებას, ამჯერად 12 183 ლარზე, რამდენიმე თვის წინ გაკეთებული მინი სპორტული კომპლექსის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპისთვის.
დღეს, ამ მინი სპორტულ კომპლექსს, მხოლოდ ღობე და ფეხბურთის კარი “ამშვენებს”. უსწორმასწორო მოედანზე, ყოველი გაწვიმების დროს, წყლის გუბეები დგება. როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, ეს ე.წ. სპორტული კომპლექსი, რომელზეც საერთო ჯამში 52 183 ლარი დაიხარჯა, სხვა სახით არასდროს უნახავთ:
_ ერთი წელიც კი ვერ გაძლო საღებავმა. თავდაპირველად, ახალ შეღებილი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ დღეს რა მდგომარეობაშიცაა, თავად ხედავთ. სპორტული კომპლექსი თუ ერქვა, თქვენგან გავიგე. ჩვეულებრივი მოედანია, რომლის გაკეთება არჩევნების წინ დაიწყეს და მალევე დაასრულეს, _ გვითხრა ბენდელიანის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ვინაობის გამხელას “პრობლემების” თავიდან აცილების მიზნით მოერიდა.
ხუნდაძემ 2010 წლის 30 ნოემბერს ინდმეწარმე დავით ცინცაძესთან ხელშეკრულება 2 890 ლარზე გააფორმა _ კომერციული გაერთიანება “მომავლის” და სპორტული სკოლის ეზოს შემოღობვაზე. ეს ის ადგილია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ, იუსტიციის სამინისტროს მიერ გარემონტდა და შენობაში საჯარო და სამოქალაქო რეესტრთან ერთად, არქივიც არის განთავსებული. რაც შეეხება ღობეს, მის მაგივრად, რამდენიმე მეტრ სიგრძეზე, მხოლოდ დაბალი ე.წ. სარებია შემოვლებული, რომელიც შეღებილიც კი არ არის.
იმავე ინდმეწარმესთან, 2010 წლის 20 მაისს, ხელშეკრულება ნოდარ დუმბაძის სკვერის კეთილმოწყობისთვის გაფორმდა 6 331 ლარზე. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ცინცაძეს “მიწის შემოზიდვისთვის” 435 ლარი დასჭირდა, “ხის “რეიკებით” საჯდომების შესაცვლელად” _ 286 ლარი, “გრანიტის ფილების შესაცვლელად” _ 188 ლარი, “ბორდიურების შეღებისთვის” _ 2 740, “ხის საჯდომების ზეთოვანი საღებავით შესაღებად” _ 188 ლარი. ცემენტისთვის ინდმეწარმემ 360 ლარი დახარჯა, მასალების ტრანსპორტირებისთვის _ 864 ლარი, ხოლო მიწის ხელის იარაღებით მოსასწორებლად _ 265 ლარი. ერთადერთი, რაც დღეს ნოდარ დუმბაძის სკვერში თვალში მოგხვდებათ, რამდენიმე კვადრატულ მეტრზე დაგებული ქვაფენილია. ხის ძელსკამები, რომელსაც ხელისუფლება რატომღაც “საჯდომებად” მოიხსენიებს, რამდენიმეა, ზოგი მათგანი დამტვრეულია და საღებავის კვალი ალაგ-ალაგ ეტყობა.
ყველაზე მსხვილი ხელშეკრულება 2010 წელს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, შპს “გურია კომპანისთან” არის დადებული _ 57 031 ლარზე. ამ თანხაში კომპანიას დაბის კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დაბაში შეკეთდა ხიდები, დემონტაჟი ჩაუტარდა ძველს, შეიღება და ფილები დაიგო მოაჯირებზე, შეიღება ბორდიურები… შეღებილი ბორდიურები დაბაში დღეს რთული მოსაძებნია, რადგან, პრაქტიკულად, არ არსებობს. ჩოხატაურის შემოსასვლელი ხიდის გასწვრივ კი, მოაჯირი დიდი ხანია არ არსებობს, რაც ავტოავარიების რისკს ზრდის. მით უმეტეს, რომ ამ ადგილზე საბავშვო ბაღი და სკვერი მდებარეობს, სადაც პატარები ხშირად თამაშობენ.
შპს “გურია კომპანისთან” 2010 წლის 16 მარტს კიდევ ერთი ხელშეკრულებაა გაფორმებული, ამჯერად 24 853 ლარზე. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ამ თანხაში კომპანიამ ჩოხატაურის ცენტრალური სტადიონის ნაწილობრივი რემონტი ჩაატარა და შეღება “საჯდომები”(?!). მართალია, ამავე აქტით, ყველაფერი კარგადაა და სამუშაოები საუკეთესოდ არის შეფასებული, მაგრამ რეალობა სულ სხვაა _ ფეხბურთელების გასახდელში რამდენიმე შეღებილი ფიცარია კედელზე მიჭედებული. შეღებილი “საჯდომები”, რომლებშიც სკამები იგულისხმება, გატეხილი და საღებავი აქერცლილია, მიუხედავად იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, “საჯდომები” ზეთოვანი საღებავით შეიღება.
წარმოდგენილ ხელშეკრულებებში და მიღება-ჩაბარების აქტებში იმდენად ბევრი შეღებილი “საჯდომი” შეგხვდა, რომ დავინტერესდით, რა ჯდება რეალურად ერთი “საჯდომის” შეღებვა. ამიტომ, ჩოხატაურის გამგებელს ოფიციალურად მივმართეთ და ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა რამდენი “საჯდომი” შეიღება 2010-2011 წელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რა ფერის და რა მარკის საღებავებით შეიღება ისინი და რა ღირს ერთი “საჯდომის” შეღებვა. წერილზე გვიპასუხეს, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი წინა წერილებში გაგვცეს (ხელშეკრულებებს და მიღება ჩაბარების აქტებს გულისხმობდნენ, რომლებშიც შეღებილი “საჯდომების” რაოდენობა მითითებული არ არის. თუმცა, საერთო ჯამში, შეღებვის ღირებულება საკმაოდ დიდ თანხას აღწევს).
რაც შეეხება წლევანდელ წელს, 12 ივლისს, გამარტივებული შესყიდვის წესით, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს “არტი”-სთან. თანხა 2 685 ლარია და ეს თანხა კომპანიას დაბა ჩოხატაურში საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე ავტოსადგომის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის გადასცეს. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოეწყო ჰორიზონტალური მონიშვნა, გაკეთდა საგზაო ნიშნები, აღდგა წყალგამტარი არხი და ტერიტორია მოსწორდა ბულდოზერით.
ადგილზე მისულები ყველაზე მეტად იმან გაგვაოცა, რომ ბულდოზერით დაგებული ასფალტი აქვთ მოსწორებული(?!). რაც შეეხება საგზაო ნიშნებს, ზოგან არის, ზოგან არა, ზოგან კიდევ კედელზეა გაკრული.
ჩვენს მიერ გამოკითხული ჩოხატაურელების უმრავლესობა ამბობს, რომ პროექტები მხოლოდ არჩევნების წინ, ხმების მისაღებად კეთდება. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მთავრობა საკუთარი ხალხისთვის ყველაფერს აკეთებს. თუმცა, ფაქტია, რომ ის თანხები, რომლებიც ხელშეკრულებებშია მითითებული, შესრულებულ სამუშაოების ღირებულებას საკმაოდ აჭარბებს.