შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გამართა. შეხვედრაში საქართველოს რეგიონალური მედიის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
112-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის შესახებ და 112-ის წარმომადგენლებისაგან დასრულებული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
მედიატურის ფარგლებში მედიისთვის საინტერესო ყველა საკითხი განიხილეს. ამასთან, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, 112-ის მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ, გაეგოთ თუ რა სიახლე დანერგა 112-მა იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს გადაუდებელი დახმარების ნომერთან დამოუკიდებლად წვდომა შეეძლოთ.
ასევე შეიტყვეს, რა ღონისძიებები ჩატარდა 112-ის ცნობადობის გაზრდისა და მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების კუთხით. დეტალურად განიხილეს თუ რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში.
მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები 112-ს ესტუმრნენ, ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს 112-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილმა 112-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.