თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.
მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას და ათონელზე გადასვლას არ აპირებს.
26-მილიონად გარემონტებული რეზიდენცია კი, რომელიც ექსპლატაციაში 20 აპრილს შევიდა, კვლავ უფუნქციოდაა დარჩენილი.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს პრეზიდენტი რეზიდენციასთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისთვის მთავარი ქვეყნის იმიჯია, შესაბამისად, მთავრობამ მის დაზიანებას თავი უნდა აარიდოს.
მისივე თქმით, თუკი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მისი მხრიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლა, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნება.
"ამ საკითხზე იყო მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან ჩვენთვის მთავარი ინტერესია, რომ არ დაზიანდეს ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი, ფინანსები, მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, რომ რაიმე სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი. ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, რაც არავის ინტერესებში არ შედის. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ ეს იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, რომ შენობა, რომელიც მთავრობამ პრეზიდენტისთვის ააშენა და დახარჯა 26 მილიონი, გამოიყენოს საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის", _ განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობას არ აქვს ფუფუნება, ასეთი შენობა უფუნქციოდ დარჩეს.
მანამდე კი, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადგილზე ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადავიდოდა.
პრემიერის მოწოდებას დღესვე უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველი პირი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს.
როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია.
"პრეზიდენტს რომ თავის დროზე გაეკეთებინა განცხადება, მოვიფიქრებ და გადავწყვეტო, მაშინ ჩემთვის გასაგები იქნებოდა ამ თემის ხელახლა წამოწევა, მაგრამ გიორგი მარგველაშვილმა ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ", _ განაცხადა კოჟორიძემ და დასძინა, რომ მისთვის "ზოგადად წარმოუდგენელია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სამართლებრივ მექანიზმებზე მსჯელობა".
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ "პრეზიდენტს ასე ადგილს ვერ მიუჩენენ.."
"წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენს ქვეყანაში პრეზიდენტს მიუთითებენ ადგილს და ის იქ დაჯდება, თქვენ რომ მიგითითონ ხვალ ადგილი, რა დაგიცავთ თქვენ?!
როდესაც გეტყვიან, იცით, პრეზიდენტიც კარგად გვემორჩილება და სადაც ვეუბნებით, იქ ჯდება, მოდი, შენც შესაბამისად მოიქეცი.
ეს არის პრეზიდენტის იმიჯის დაცვა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა, რომელსაც სამწუხაროდ, რატომღაც დაპირისპირება აქვს გამოცხადებული და ეს არის მოქალაქეების დაცვაც", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" სტუმრობისას.
პრეზიდენტის საკითხისადმი დამოკიდებულებას მთავრობის წევრების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარლამენტართა ნაწილი ამბობდა, რომ პრეზიდენტი თავისი ფუფუნებისთვის დიდ ხარჯებს წევს.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ "რეზიდენცია მზად არის პატრონის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა მას".
"ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება ნათელი და გასაგები იყო. პრემიერმა თქვა, რომ რეზიდენცია დასრულებულია და მზად არის. ის ელოდება პატრონს ახლა უკვე პატრონის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა მას," _ აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძემ ამბობს, რომ დაუშვებელია 5-6 მილიონი პრეზიდენტის ფუფუნებისა და პირადი ამბიციებისთვის იხარჯებოდეს.
ობიექტისადმი ინვესტორთა დაბალი დაინტერესების გამო, შენობა საპრივატიზაციო ნუსხიდანაც ამოიღეს.
როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ათონელის რეზიდენციაში მაღალი ფასის გადახდა არცერთ ინვესტორს არ სურს.
კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეზიდენციისთვის ისეთი ხარჯებია გაწეული, რაც ჩვეულებრივი, საპრივატიზაციო შენობისთვის არ დაიხარჯებოდა.
"მისი შესაბამის ფასად რეალიზაცია საკმაოდ რთული იქნება. ის იყო საპრივატიზაციო ნუსხაში, ამ თემაზე ინვესტორებთან საუბარი გვქონდა, თუმცა მაღალი ფასის გადამხდელი არავინაა. ამ შენობისთვის ისეთი ხარჯებია გაწეული, რაც ჩვეულებრივი, საპრივატიზაციო შენობისთვის არ იქნებოდა", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ასევე აღნიშნა, რომ მხედველობაში მისაღებია ის პრობლემებიც, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს შენობებთან დაკავშირებით აქვთ.
ავარიულ მდგომარეობაშია საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, პრობლემებია ხელოვნებისა და თბილისის მუზეუმებთან, ხელნაწერთა ცენტრსა და სამუზეუმო-საექსპოზიციო სივრცეებთან დაკავშირებით.
ალტერნატიული ფართის გამოყოფას ან შენობის გარემონტებას ითხოვდა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც.
მინისტრის შეფასებით, შენობა, რომელშიც ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროა განლაგებული, არც ადგილმდებარეობით და არც ფიზიკური მდგომარეობით, უწყების შესაბამისი არაა.
"დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მართლაც, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების დროს, ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ არც ადგილმდებარეობა, არც ფიზიკური მდგომარეობა, არ არის ამ უწყების შესაბამისი და ალბათ, გადაწყვეტილება მისაღებია – ან უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან სხვა ალტერნატივა ვნახოთ", _ განაცხადა ბერუჩაშვილმა, თუმცა, ათონელის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასვლის საკითხს არც ის განიხილავს.
თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის შესახებ გაიმართა, თუმცა არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"მთავრობის სხდომაზე ზოგადად დადგა საკითხი ადმინისტრაციული შენობების მდგომარეობის შესახებ. ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ეს არ არის ახალი თემა. ასევე არ არის ადგილმდებარეობა იმ ამოცანების შესატყვისი, რაც აქვს საგარეო უწყებას. არანაირ კავშირში სხვა გადაადგილებებთან ეს არ არის. ეს არის საუბარი შენობის მდგომარეობის შესახებ. ეს იყო რიგითი საკითხი. მე პირადად არ განვიხილავ ათონელის თემას ჩემი უწყებისთვის", _ განაცხადა ბერუჩაშვილმა.