"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორის ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
_ რადგან, გუშინ მიხეილ სააკაშვილს მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა, ის ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. შესაბამისად, მას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის და თავად "ნაციონალური მოძრაობის" წესდებიდან გამომდინარე, უნდა შეუჩერდეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრობის სტატუსი და შესაბამისად, ის, შეიძლება ითქვას, აღარ ითვლება პარტიის თავმჯდომარედ. სააკაშვილმა ასევე დაკარგა საქართველოში საარჩევნო უფლება _ ასე რომ, სააკაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში გუშინ დაასრულა, _ გვითხრა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეუძლია გამონაკლისის წესით, მიხეილ სააკაშვილს მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ რადგან ის არის ასევე ძებნილი, გიორგი მარგველაშვილს ამის უფლება არ აქვს.