იარაღის უკანონო შენახვისთვის დაპატიმრებული, “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძე, ამ წუთებში გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ჰყავთ. როგორც ჩხაიძის ადვოკატმა, ლადო გვარჯალაძემ გვითხრა, შემოწმების შედეგები ერთ საათში იქნება ცნობილი: _ ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ სასამართლოში გადაიყვანენ. პროკურატურამ თავად შემოგვთავაზა გირაო, თუმცა ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, რა იქნება, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას გვარჯალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ჩხაიძე გუშინ დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო შენახვა) წაუყენეს. ჩხაიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატის ინფორმაციით, ელგუჯა ჩხაიძე ბრალს არ აღიარებს.