ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების კონკურსის ჩატარების დროებითი წესის მოქმედების ვადამ ერთი წლით, 2016 წლის 1 ივლისამდე გადაიწია.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: ერეკლე ტრიპოლსკისა და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განიხილეს.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად განისაზღვრა, რომ 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპი კონკურსის მონაწილის ტესტირება იქნებოდა
. კანონპროექტის ერთერთი ინიციატორის, ერეკლე ტრიპოლსკის განმარტებით, კონკურსში მონაწილეთა სავალდებულო ტესტირებამ მოხელეების სამსახურში აყვანისა და დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის საკითხის მოწესრიგებაზე დადებითი გავლენა იქონია.
"სასურველია, მოხდეს ამ ნორმის მოქმედების ვადის გაგრძელება ერთი წლით, 2016 წლის 1 ივლისამდე, რათა შეიქმნას ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსების განვითარების სისტემის სამართლებრივი უზრუნველყოფის მდგრადი მექანიზმი“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ერეკლე ტრიპოლსკიმ.