ამ წუთებში, ჩოხატაურის კონეთეატრ "გურიაში" ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია ჩოხატაურელ მაყურებელს ქართულ პოეზიას აზიარებს.
როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობმა აღნიშნა, მისი ჩოხატაურში ვიზიტში მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას დამსახურებაა.
საღამო იმდენად საინტერესოდ მიმდინარეობს, რომ მსახიობს, დამსახურებული ტაშის გამო ლექსის რამდენჯერმე შეწყვეტა მოუწია.
_ ეს არის პოეზიის ზეიმი და ამ ზეიმისთვის ყველა იმ ადამიანს ვეუბნებით მადლობას, რომლებმაც ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა, _ აღნიშნეს მაყურებლებმა და დასძინეს, რომ კარგი იქნებოდა მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს ინტერიერზეც ეზრუნა:
_ არაჩვეულებრივი დღესასწაული მოგვიწყვეს. ასეთ სიამოვნებას ჩოხატაურელები მოკლებულნი ვართ. დიდებული მსახიობი გვყავს სტუმრად და შესაბამისად უნდა დავხვედროდით, თუმცა, თქვენც ხედავთ სცენას, სადაც ერთი ძველი მაგიდა დადგეს, რომელზეც "ატმებიანი" სუფრაა გადაფარებული. ისიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ სავარძელი დაედგათ ამ დიდებული ადამიანისთვის. არ გვეკადრება გურულებს ასეთი დახვედრა, _ აღნიშნეს ჯინორიას თაყვანისმცემლებმა.
მურმან ჯინორია დაიბადა 1947 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. (მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი).
1983 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: დიმიტრი პაუშენკო (გ. ბათიაშვილი ,,შეთქმულება”, რაჟისორი _ გ. ქავთარაძე); ბატონი ნოე (დ. ტურაშვილი ,,დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის”, რეჟისორი _ რ. სტურუა); მარლის სული (“საშობაო სიზმარი”, ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორები _ რ. სტურუა, ლ. წულაძე, ო. ეგაძე); კენტი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი _ რ. სტურუა); ვიქტორი (დ. კლდიაშვილი ,,ირინეს ბედნიერება”, რეჟისორი _ ა. ენუქიძე); აბესალომი (ი. სამსონაძე ,,იქ, სადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი _ გ. თავაძე); თომა (თ. ჭილაძე ,,ნახვის დღე”, რეჟისორები _ რ. სტურუა, გ. თავვაძე); მესამე მსაჯული (რ. როუზი, “თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, დამდგმელი რეჟისორი _ რობერტ სტურუა, რეჟისორი _ რევაზ ჩხაიძე); ბატონი კოტე (ლ. ბუღაძე “სულიერი არსებები”, რეჟისორი _ დ. საყვარელიძე); ბერლეი (ფ. შილერი “მარიამ სტიუარტი”, რეჟისორი _ გ. კაპანაძე); პოლონიუსი (ნ. იორდანოვი ,,გონზაგოს მკვლელობა”, რეჟისორი _ გ. გოშაძე).
მონაწილეა სპექტაკლისა ,,სხვა საქართველო’’.