საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, 13 500 000 კაცი შეადგინა, ანუ 2,5 წელიწადში ჩვენ მივიღეთ იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე იყო განვლილი 7 წლის განმავლობაში, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საკმაოდ ძლიერი სიგნალია.
"ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პოზიტივს. ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა იყოს ხელშეწყობილი მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მიერ განხორციელებული საერთაშორისო სარეკლამო კამპანიის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ვიცე-პრემირმა გიორგი კვირიკაშვილმა მიაწოდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური სარეკლამო კამპანია ჩატარდა 9 მიზნობრივ ბაზარზე; საქართველოში ჩამოვიდა 200-ზე მეტი ცნობილი სააგენტოს ჟურნალისტი, რომელთათვის გაიმართა სპეციალური ტურები; 70-ზე მეტი წამყვანი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლისთვის მოეწყო სპეციალური საინფორმაციო კამპანიები.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორთა რაოდენობაში 14,7%-იანი გარდატეხა აქვს, ასევე, გასული წლის მაისთან შედარებით, 5%-ით გაზრდილია იმ ვიზიტორთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტხანს რჩება.
მთავრობა აქტიურ ტურისტულ სეზონს ელოდება, ზაფხულის მიწურულს კი დაიწყება სპეციალური სამზადისი ზამთრის სეზონისთვის.