თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი თემურ სალუქვაძე ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრების იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საკონსულტაციო საბჭო უნდა შეიქმნას.
"ყველასთვის ცხადია, 2012 წლის საპარლამენტო, ხოლო შემდეგ საპრეზიდენტო და თვითმართველობის არჩევნებში ქვეყნის მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან ჩამოგვეშორებინა ნაციონალური რეჟიმი და დაგვეწყო რეალურად დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობა.
მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნის არაფორმალური მართველობა,სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო და თვითმართველობის ორგანოების კონტროლი, არასწორი საკადრო პოლიტიკა,შეუსრულებელი დაპირებები და სხვა გაუაზრებელი ქმედებები, გახდა არსებული ხელისუფლების მთავარი მახასიათებელი.
მოსახლეობაში, დიდი მოლოდინის ნაცვლად, გაჩნდა დიდი იმედგაცრუება. თავისუფალი დემოკრატები,როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, არასდროს ღალატობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს. ჩვენ დავტოვეთ კოალიცია და შესაბამისად,როგორც რეალური ოპოზიცივაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას ნაციონალური ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ადგილობრივი თვითმართველოების ორგანოებში.
ამასთან, მინდა განვაცხადო, პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის, თუ პოლიტიკური წარმომადგენლების აზრს, მითუმეტეს, საკრებულოში. მიმაჩნია, რომ ხალხის მიერ არჩეული საკრებულო, მიუხედავად უამრავი ინსტიტუციონალური თუ, ადგილობრივი პრობლემისა და სირთულეებისა, არის სწორედ ის ადგილი, სადაც ყველა დეპუტატმა დიდი მოთმინებითა და მაღალი პოლიტიკური კულტურით, არგუმენტირებულად უნდა ვაწარმოოთ ჯანსაღი პოლემიკა.
გონივრული მიდგომების შემთხვევაში, ვფიქრობ, ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთკომპრომისის საფუძველზე, შესაძლებელია,ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ ეტაპზე, თავისუფალი დემოკრატების მთავარი ამოცანაა, როგორც დამოუკიდებელი, ალტერნატიული ოპოზიციური ძალა, ყოველგვარი კოალიციებისა და გაერთიანებების გარეშე წარსდგეს საზოგადოების წინაშე.
ამიტომ, განსხვავებული პოლიტიკური მწამსისა და წარსულის მქონე პოლიტიკური პარტიებით დაკომპლექტებული, საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, მითუმეტეს, ვერ ვხედავთ ე.წ. საბჭოს რეალურ სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. თუმცა, ჩვენი ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, თემატურ, კონკრეტულ საკითხებზე, მსჯელობა და პოზიციების შეჯერება ყოველთვის შესაძლებელია, _ აღნიშნავს სალუქვაძე.