დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ფინანსური ბაზრის კონტროლის გამკაცრების გამო მისმა დედაქალაქმა ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქის სახელი დაკარგა.
ლონდონმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაინაწილა პირველობა ნიუ-იორკთან.
მოსკოვი, რომელსაც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრობაზე აქვს პრეტენზია, ლიდერებს სერიოზულად ჩამორჩა, შარშანდელთან შედარებით ერთი ადგილით უკან დაიხია და 68-ე ადგილზე გავიდა, სანკტ-პეტერბურგი კი 70-ეა. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო ექსპერტები არ იზიარებენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი მეგაპოლისი ათიოდე წლის შემდეგ ლონდონსა და ნიუ-იორკს გაუწევს კონკურენციას.
„გლობალ ფაინენშლ ცენტრ ინდექსის“ გამოკვლევის თანახმად, შედარებით უკან დაიხია მსოფლიოს ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი ქალაქების პირველი ათეულის კიდევ ორმა წარმომადგენელმა – შვეიცარიულმა ციურიხმა და ჩინურმა შენცჟენმა.
სამაგიეროდ ჰონკონგისა და სინგაპურის რეიტინგმა აიწია და აღიარებულ ლიდერებს წამოეწია. ეს ქალაქები მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. წინ წაიწია პეკინმაც – წინა რეიტინგში ჩინეთის დედაქალაქი მეოცე იყო, ახლანდელში კი ის უკვე მეთხუთმეტეა.
ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ყველაზე უარესი ქალაქი ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკია, რომელიც რეიტინგში 75-ე ადგილზე გავიდა.