საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია დარჩიაშვილმა შეამოწმა.
პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. აღსანიშნავია, რომ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია 3 საცხოვრებელი კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობის აშენება. ასევე გაკეთდება: კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ გაკეთდება შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება მოეწყობა. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5.250.777 ლარს შეადგენს.
3 ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ორ კორპუსზე უკვე ამოყვანილია სამი სართული, ხოლო მესამე კორპუსში ორი სართულის კედლებია ამოყვანილი და მიმდინარეობს მესამე სართულის კოლონებზე მუშაობა. პარალელურად მიმდინარეობს გარე პერიმეტრის კედლების ამოყვანა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კორპუსს , რომელიც ორსართულიანია, დამთავრებულია ნულოვანი ციკლი და დაბეტონებულია პირველი სართულის კოლონები. სამუშაოებზე ამჟამად დასაქმებულია 40-მდე ადამიანი.
მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იქნება განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა. სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებასა და განათლების მიღებას ერთდროულად 320 სტუდენტი შეძლებს. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2016 წელს იგეგმება.